ქართველმა მეფეებმა უაღრესად გაჭირვებული მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარეს. მართალია ქართლი და კახეთი სხვადასხვა სამეფოებად ითვლებოდა, მაგრამ თეიმურაზი და ერეკლე ერთიან, შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ, საბრძოლო მოქმედებებიც ერთიანი ჰქონდათ. მათ ძალზე ხშირად უხდებოდათ თავდაცვითი ბრძოლების წარმოება, ზოგჯერ კი რეგიონში ავტორიტეტის გაძლიერების მიზნით თავადაც უწევდათ შეტევაზე გადასვლა. ბრძოლა ქართველებს ძირითადად ოსმალებისაგან წაქეზებული ჩრდილო-კავკასიელებისა და დაშლილი ირანის ზოგიერთი სახანოს, ამიერკავკასიის და ქართლ–კახეთის დაპყრობის მსურველ მმართველებთან უხდებოდათ. მტერთან ომი ზოგჯერ შიდაომებშიც გადაიზრდებოდა. 1747 წელს, დიპლომატიური მიზნით თეიმურაზი ირანში წავიდა. იმავე წელს ნადირ–შაჰი შეთქმულებმა მოკლეს და ირანში ისევ აირია ვითარება. თეიმურაზმა ქართლი, ირანში წასვლისას აბდულა–ბეგს (არჩილ ბაგრატიონს) ჩააბარა, ერეკლეს კი მისი მმართველობისათვის ზედამხედვრლობა დაავალა. ამ დროს საქართველოს ციხეებში სპარსელთა ჯარი იდგა და მათი უმეტესობა აბდულა–ბეგის მომხრე იყო. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტის დათმობა აღარ მოინდომა და ერეკლეს ბრძოლა დაუწყო. ერეკლე ჯერ სამშვილდის ციხესთან შეებრძოლა აბდულა ბეგს, შემდეგ კი თბილისთან, სოლოლაკის და წავკისის მიდამოებში სასტიკად დაამარცხა მისი ჯარი. ამის მერე ერეკლემ თბილისის ციხეებში გამაგრებულ სპარსელთა გარნიზონებს შეუტია და თბილისის ციხეებიდან დამპყრობლები გაყარა. ქართულ ციხეებში ქართლ–კახელთა ჯარის ნაწილები ჩააყენა და მის კოშკებზე ქართული დროშები აღმართა. 1749 წელს თეიმურაზიც დაბრუნდა ირანიდან. მამა–შვილის თავგამოდების შედეგად, თბილისის კედლებს, ამის შემდეგ თითქმის 50 წლის განმავლობაში ომი არ უნახავთ. თუმცა ბრძოლებს ბოლო არ უჩანდა. თითქმის ყველა ბრძოლაში ერეკლე თავად სარდლობდა ჯარს და პირველი შეიჭრებოდა მტრის რიგებში. ხშირად უწევდა მათი ბელადების წინაამღდეგ პირისპირ შებრძოლება. 1749 წელს, ნადირ–შაჰის მკვლელობაში მონაწილე, მაჰმად–ხანმა ერევნის სახანოს დაპყრობა გადაწყვიტა. ერევნელების თხოვნით ერეკლემ დაამარცხა მაჰმად–ხანი. ამის მერე ერევნის სახანო, ერეკლეს ხარკს 1795 წლამდე უხდიდა. 1750 წელს, ყარაბაღის მფლობელი ფანა–ხანი, რომელიც განჯის დაპყრობას აპირებდა განჯას მიადგა, განჯის ხანმა და ყარაბაღელმა სომხებმა ერეკლეს დახმარება სთხოვეს. გმირულ ბრძოლაში ქართველებმა ერეკლესა და თეიმურაზის სარდლობით დაამარცხეს ფანა–ხანი. შაქის ხანს, აჯი–ჩალაბს, რომელიც წარმოშობით სარწმუნოებაშეცვლილი სომეხი იყო, არ აძლევდა ხელს რეგიონში ქართველთა ბატონობა. 1751 წლის თებერვალში, მდინარე აგრი–ჩაისთან, აჯი–ჩალაბმა დაამარცხა ქართველები. ამ ბრძოლაში, მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძეს დახმარებით გამოვიდა წყლიდან, მაჩხაანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე დატყვევებას გადარჩა. 1752 წელს, აჯი-ჩალაბმა, განჯასთან ისევ დაამარცხა ქართველები. მართალია 1751 წლის ივლისში, თავრიზის მმართველი და ირანის ტახტის მაძიებელი, აზატ–ხანის თვრამეტიათასკაციანი ლაშქარი, ერეკლემ ერევნის მახლობლად, ყირბულახის ბრძოლაში საოცარი საზრიანი და საკუთარი გმირული შემართების წყალობით და ბრძოლით დაამარცხა, აჯი-ჩალაბთან მარცხი მაინც ამცირებდა რეგიონში ქართველთა ავტორიტეტს. ერეკლემ, ქართლ–კახელთა ჯარს, დაქირავებული ჩერქეზებისა და მცირე რაოდენობის ოსების ჯარი მიაშველა, მათი ანაზღაურებისათვის სამეფო ხაზინის ნივთებზე ოქრო ააძრობინა და ფული მოჭრა. 1752 წლის სექტემბერში, ყაზახ–შამშადილუს საზღვარზე, თულქითეფეს ბრძოლაში. აჯი-ჩალაბის ჯარი, რომელსაც მისი ვაჟი აღა–ქიში სარდლობდა სასტიკად დაამარცხეს ქართველებმა. ისევ განმტკიცდა ქართველთა ავტორიტეტი რეგიონში, მაგრამ ბრძოლები არ წყდებოდა. 1754 წელს, ავარიელი, ხუნძახის ბატონი, ნურსალ–ბეგი მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლში შემოიჭრა,არაგვის მიდამო და დუშეთი დაარბია,მჭადიჯვრის ციხეს ალყა შემოარტყა. ერეკლემ და თეიმურაზმა მჭადიჯვრის ბრძოლაში დაამარცხეს და დიდი დანაკარგით განდევნეს მტერი. 1755 წელს ნურსალ–ბეგი ყვარელს მოადგა. ქართველების მიმართ სხვა, მტრულად განწყობილ სახანოების რაზმებთან ერთად მისი ჯარი 30000–მდე მებრძოლს ითვლიდა. მათ ყვარლის ციხეს შემოარტყეს ალყა. თუ კახეთი დაეცემოდა, ქართლსაც იოლად დაიპყრობდა მტერი, შემდეგ დასავლეთ საქართველოსაც გადასწვდებოდნენ და ერის მომავალი დასაღუპავად იყო განწირული. ქართველი მეფეების გონიერი, გაბედული საბრძოლო მოქმედების შედეგად ყვარლის ბრძოლაში, მინიმალური დანაკარგით მოიგერიეს მტერი. 1759 წელს ლეკების 8000–იანი ჯარი დაამარცხა ერეკლემ ატოცთან და დვანის ციხესთან. ამ ბრძოლაში მას სოლომონ პირველიც ეხმარებოდა.1760 წელს ერკლემ ყარაბაღის ხანი დაამარცხა, განჯასა და ერევანშიც მოუწია ლაშქრობა. შედარებით მცირე ბრძოლები გრძელდებოდა. მტერი არ ისვენებდა. დაღესტნელთა ჯარი ერევნამდე მივიდა და გზად ყველაფერს ანადგურებდა, შინდისთან გადახდათ დიდი ბრძოლა ქართველებს, ყოველდღიურ თავდასხმებს იგერიებდნენ ქართლში, ქიზიყში, კუმისის, ბოლნისის მიდამოებში, სომხითი და საბარათიანო თითქმის მთლიანად დაიცალა. თბილისის გარშემო მდებარე დასახლებებსაც უტევდა მტერი, თუმცა კი უმეტეს შემთხვევაში დამარცხებული ბრუნდებოდნენ უკან. ამ დროს ერეკლეს „აშვებული ლომის“ სახელი ჰქონდა. 1760 წელს თეიმურაზი დიპლომატიური მიზნნებით რუსეთში წავიდა. მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.1762 წელს ის პეტერბურგში გარდაიცვალა. 1762 წლიდან ერეკლე ქართლ–კახეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ეს ნიშნავდა,რომ „აღმოსავლეთ საქართველო, ბოლო 300 წლის მანძილზე ერთიან პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა“.